სამართალი
საშვის მოპოვებას ცდილობდნენ, პოლიციამ კი დააჯარიმა - მოქალაქეები ჯარიმებს ასაჩივრებენ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ორი პირი კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმეს. ისინი ქუთაისიდან ბრუნდებოდნენ, სადაც სოფლის პროდუქტების გასაყიდად იმყოფებოდნენ. როგორც თავად ყვებიან, როცა მიხვდნენ, რომ 21:00 საათამდე ოჯახში დაბრუნებას ვერ მოასწრებდნენ, ასპინძაში მანქანა გააჩერეს და ერთჯერადი საშვის მოსაპოვებლად 144-ზე დარეკეს.

ორივე პირი პოლიციამ 2 000 - 2 000 ლარით დააჯარიმა და მხოლოდ ამის შემდეგ მისცა გადაადგილების უფლება. დაჯარიმებულებმა პოლიციის ქმედების გასაჩივრება გადაწყვიტეს. მათ ინტერესს ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი იცავს.

„შემთხვევა 31 იანვარს მოხდა, 10-ის ნახევარზე. რეკავდნენ აქეთ-იქით, რომ გაერკვიათ რა ექნათ. რომ დაუკავშირდნენ, დახმარების ნაცვლად ორივე არაკანონიერად დააჯარიმეს. ჯერ პოლიციაში განიხილება საკითხი, შემდეგ კი სასამართლოში. მოვითხოვეთ იმ ვიდეო კამერების შემოწმება, სადაც მანქანა ჰყავდათ გაჩერებული. ასე როგორ შეიძლება? პროდუქტი რაც გაყიდეს, იმაზე მეტით დაჯარიმდნენ“, - ამბობს ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი.

როდის და რამდენჯერ სცადეს ერთჯერადი საშვის მოპოვება დაჯარიმებულმა მოქალაქეებმა - კითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გვიპასუხეს და გვითხრეს, რომ სასამართლო გაარკვევს, ნამდვილად დარეკეს თუ არა 144-ზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მოქალაქეები შეზღუდვების დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმებს აპროტესტებენ. ჯერ კიდევ მაისში ნუგზარ სამარჯიშვილს დახარებისთვის ექვსმა პირმა მიმართა და საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის დარღვევისთვის მიღებული ჯარიმები სასამართლოში გაასაჩივრა. საქმე ჯერ კიდევ განხილვაშია და არ დასრულებულა.
| Print |