სამართალი
შსს–მ 24 საათში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 608 ფაქტი გამოავლინა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგულაციების დარღვევის 608 ფაქტი გამოვლინდა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 142 ფიზიკური პირი დააჯარიმა, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 466 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

| Print |