სამართალი
„აქციას გავმართავთ“- დაზიანებული კორპუსის მაცხოვრებლები მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ
მოქალაქეები, რომლებიც ორი თვეა ახალციხის მერიის მიერ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ, ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. აფეთქების დროს დაზიანებული კორპუსის მაცხოვრებლები საკუთარ სახლებში დროულად დაბრუნებას ითხოვენ. დაზარალებულები ამბობენ, რომ ნაქირავებ ბინებში კომუნალური გადასახადები გაუსამმაგდათ და ვეღარ იხდიან.

„ჩემს სახლში გაზს ნაკლებს ვიხდიდი, ნაქირავებში იმხელა კომუნალურები მოვიდა, დღეს სესხი უნდა გამოვიტანო, რომ დავფარო. რატომ უნდა ვცხოვრობდე სხვაგან, როცა სახლი მაქვს. 31 დეკემბრამდე ყურადღებას გვაქცევდნენ, მხოლოდ ქირის გადახდა არ არის საკმარისი“, - ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

ხუთსართულიანი კორპუსის სარდაფში აფეთქება 24 დეკემბერს მოხდა. შემთხვევა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. შედეგად დაზიანდა კორპუსის სარდაფები და პირველ სართულზე განთავსებული რესტორანი.

დაშავდა ორი პირი, რომელიც აფეთქების დროს სარდაფში იმყოფებოდა. ისინი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

დაზიანებული კორპუსის მდგომარეობა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლებმა შეისწავლეს. სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, უსაფრთხოა თუ არა საცხოვრებლად ხუთსართულიანი შენობა. მათ დასკვნამდე ადგილობრივმა ხელისუფლებამ 10 ოჯახს ბინები უქირავა.



| Print |