სამართალი
„შთაბეჭდილება მრჩება, გამოძიება დამნაშავეს ხელს აფარებს“ - ადვოკატი
გამოძიებამ ექვსი თვეა ვერ დაადგინა, ვინ დააზიანა ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში ნადიმ მარდალიევის ავტომობილი.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილზე დამნაშავის სისხლის კვალია აღმოჩენილი, გამოძიებამ მისი იდენტიფიცირება ვერ მოახერხა.

დაზარალებულის ძმა, რამილ მარდალიევი ამბობს, რომ საქმის გახსნისთვის გამომძიებლებს არაფერი გაუკეთებიათ.

„100 მეტრში ადამიანები ქეიფობდნენ და მათზე მაქვს ეჭვი, მაგრამ პოლიციამ მითხრა, რომ შეამოწმეს და მათი დნმ არ დადგინდა. პოლიციას ვკითხეთ, აბა ვისი სისხლი იყო მანქანზე? გვიპასუხეს, თქვენს გამო მთელს ქალაქს ხომარ შევამოწმებთო. მას შემდეგ არანაირი ინფორმაცია გვაქვს“, - ამბობს რამილ მარდალიევი.

დაზარალებულის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი იცავს. ეკა ქობესაშვილის განცხადებით, გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს. ექსპერტიზამ მხოლოდ ის დაადგინა, რომ მანქანაზე დატოვებული სისხლი მამაკაცს ეკუთვნის.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ დამნაშავის მოტივი დისკრიმინაციული სიძულვილია, რადგან მარდალიევის ოჯახი რეპატრირებულ მესხებს წარმოადგენენ.

„ექსპერტიზის დასკვნა იანვრის ბოლოს იყო, მაგრამ ამით ვერაფერი დადგინდა. ვფიქრობ, მაშინ როდესაც სისხლის კვალი დატოვებულია შემთხვევის ადგილზე, არ უნდა გაუჭირდეს გამოძიებას დამნაშავის იდენტიფიცირება. ამ მხრივ გამოძიება არაეფექტურია, არც ვიდეო კამერების ჩანაწერებია მიღებული და მხოლოდ რამდენიმე ჩვენებაა ჩამორთმეული, ესეც უშედეგო. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ შთაბეჭდილება მრჩება, რომ გამოძიება ხელს აფარებს დამნაშავეს“, - ამბობს ადვოკატი ეკა ქობესაშვილი.

შემთხვევა ოთხ აგვისტოს მოხდა. BMW-ს მარკის მანქანაზე ჩაამსხვრიეს წინა და უკანა საქარე მინა, ფანჯრები და ფარები. მარდალიევის ავტომობილი მისი ნათესავის, გახაროვების სახლან იდგა. გახაროვები რეპატრირებული მესხები არიან. ოჯახი ისტორიულ სამშობლოში 11 წლის წინ დაბრუნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

| Print |