სამართალი
პოლიცია და საჯარიმოს მეპატრონე შეკრულები არიან - მოქალაქე ორი წელია მანქანას ვერ იბრუნებს
ნორიკ დურგარიანი საკუთარ ავტომობილს ვერ იბრუნებს. სამართალდამცავებმა ახალქალაქის მკვიდრის ავტომანქანა ორი წლის წინ ჩამოართვეს და ახალციხის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს.

როგორც მისი ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი ამბობს, ავტომობილის ჩამორთმევის მიზეზი რუსული სანომრე ნიშნები გახდა. სამართალდამცავებმა ნორიკ დურგარიანს განუმარტეს, რომ მანქანა რუსეთის ფედერაციის მიერ, ინტერპოლით იძებნებოდა. ინტერპოლიდან დოკუმენტები მანქანის ჩამორთმევიდან ერთი წლის შემდეგ მოვიდა, სადაც წერია, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მათ მიერ ძებნაში არ იმყოფება. ამის მიუხედავად, ავტომანქანა დღემდე საჯარიმოზე დგას.

„ჩამორთმეული მანქანების მფლობელებს ეჭვი აქვთ, რომ საჯარიმო ავტოსადგომის მეპატრონეები და პოლიცია შეთანხმებული არიან ერთმანეთთან, რათა მეტი სარგებელი მიიღონ მოქალაქეებისგან“, - ამბობს ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი.

ადვოკატი ჯარიმის რაოდენობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი „ნივის“ მარკის ავტომობილისთვის საჯარიმო ავტოსადგომზე პირველი ერთი თვის განმავლობაში, დღეში 4 ლარს იხდიდა. ადვოკატის აზრით, როდესაც სამართალდამცავები მოქალაქეს ავტომობილს ართმევენ, თანხა სახელმწიფომ უნდა დაფაროს.

ნიკორ დურგარიანის თქმით, მისი მანქანა საჯარიმო ავტოსადგომზე 2019 წლის 19 თებერვალს გადაიყვანეს, მას შემდეგ კი პასუხი ვერ მიიღო, რატომ არ უბრუნებენ მის კუთვნილ ავტომობილს. ამის გამო მან დახმარებისთვის ადვოკატს მიმართა.

“არ ვიცი, რატომ ჰყავთ მანქანა გაჩერებული, რუსული ნომრები აქვსო, არ მეუბნებიან არც მიზეზს, არც იმას, თუ როდის შევძლებ მანქანის უკან წაყვანას. საჯარიმოს გადასახადს არ ვიხდი რადგან ვთვლი, რომ უდანაშაულო ვარ“, - ამბობს ნორიკ დურგარიანი.

ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი სარჩელს სასამართლოში შესატანად ამზადებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვკითხეთ, რატომ არის ამ დრომდე ნორიკ დურგარიანის ავტომობილი საჯარიმოზე. უწყების პრესსამსახურში საკითხის გარკვევას შეგვპირდენ, თუმცა მას შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მძღოლები თვეობით საჯარიმოზე გადაყვანილ ავტომობილებზე ჩივიან. ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მაცხოვრებლები, რომლებსაც ავტომანქანები ხე–ტყის უკანონო გადაზიდვის დროს ჩამოართვეს, 2017 წლიდან საპროტესტო აქციებს მართავდნენ. მაშინ მძღოლები ამბობდნენ, რომ პროკურატურა გამოძიებას აჭიანურედა. მანქანების დაბრუნების მოთხოვნით ადგილობრივები რეგიონის გუბერნატორსაც შეხვდნენ.
| Print |