სამართალი
მეგიზე იმდენი გამოძიება არ არის დაწყებული, რამდენიც ჩემზე - მანუჩარ კობახიძე
შს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველოში დღეს გარდაცვლილი მედდის მეუღლე ადვოკატებთან ერთად დაკითხეს. დაკითხვა 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. გამომძიებლის კითხვები ძირითადად სხვისი ნივთის დაზიანებით აღძრულ საქმეს ეხებოდა. სამართალდამცველებს მანუჩარ კობახიძისგან კლინიკის ვიტრაჟის ჩამსხვრევის დეტალები აინტერესებდათ, რამაც მეგი ბაქრაძის მეუღლისა და მისი უფლებადამცველების გაღიზიანება გამოიწვია.

გარდაცვლილი მედდის მეუღლე გამოძიებას არ ენდობა და აცხადებს, რომ სიმართლის დასადგენად ყველაფერს იღონებს. რაც შეეხება მის უფლებადამცველ ნინო ამაღლობელს, ადვოკატი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყების ქმედებები სამარცხვინოა, რადგან ,,მათ მანუჩრის დადანაშაულება უნდათ და ძირითად საქმეს ყურადღება არ აქცევენ“. ნინო ამაღლობელის თქმითვე, გამოძიებამ მათ საქმის მასალები დროულად არ მიაწოდა და მათ გადასაცემად 10 დღის ვადა ითხოვა, რაც ადვოკატების თქმით, მსგავსი ტიპის საქმეში ეს ძალიან დიდი დროა.

გამოძიების საქმიანობით უკმაყოფილოა ვახტანგ ბარამაშვილიც. ,,გამოძიება ამბობს, რომ ვთანამშრომლობთ ადვოკატებთანო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ ბევრი ისეთი მტკიცებულება ჰქონდათ, რაზეც ჩვენ მხოლოდ ახლა გადმოგვეცა მასალები და რაც ყველაზე სამწუხაროა, მეუღლეს მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გარდა ყველა იმ საკითხზე დაუსვეს კითხვები, რაც მინის ჩამტვრევას ეხებოდა".

ადვოკატები დღეს კლინიკა იმედშიც იმყოფებოდნენ.

28 წლის მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკა "იმედში" მუშაობდა. ექთანი სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

| Print |