სამართალი
"ასტრაზენეკამ" საქმის მასალები ორჯერ მოითხოვა" - მეგი ბაქრაძის ოჯახს გამოძიება დოკუმენტაციას არ აწვდის
მეგი ბაქრაძის გარდაცვალებიდან და გამოძიების დაწყებიდან 15 დღე გავიდა, თუმცა ოჯახს ამ დრომდე არ აქვს საქმის მასალებთან წვდომა. ადვოკატები ითხოვენ, რომ გამოძიებამ სრულყოფილი დოკუმენტაცია მიაწოდოს, რათა საქმის შესწავლა შეძლონ.

საქართველოს პროკურატურმ 31 მარტს გაავრცელა განცხადება, რომ ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნებოდა. უწყების ინფორმაციით, ზემდგომმა პროკურორმა გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს დამატებითი მასალების გაცნობა მათი შესაძლო გასაჯაროების, მოწმეებზე ზემოქმედების, დაშინების, ნივთმტკიცებების განადგურების, ყალბი მტკიცებულებების შექმნის გამო შეეზღუდა. ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი გვეუბნება, რომ სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორი მალხაზ გეწაძე, საქმის მასალების გადაცემას ორი აპრილისთვის დაპირდა, თუმცა ამ დრომდე არ მიუღიათ.

„საქმის მასალები ორ აპრილს უნდა მოეცათ, რაიონის პროკურორმა გვთხოვა ორი დღე გვაცადეთ და მოგცემთ ყველაფერსო, მას შემდეგ ტელეფონს აღარ პასუხობენ. წარმოდგენა არ მაქვს, რაში სჭირდებათ დამალვა, მათ ადგილზე რომ ვიყო, ყოველ საღამოს ფოსტით გავაგზავნიდი, რომ კითხვის ნიშნები არ არსებობდეს“.

გარდა ამისა, ადვოკატებისგან საქმის მასალებს ელის კომპანია „ასტრაზენეკა“. ვახტანგ ბარამაშვილის თქმით, კომპანიამ ამის შესახებ უკვე მეორედ მიწერა.

„ასტრაზენეკამ“ უკვე ორჯერ მოგვწერა, დოკუმენტები და საქმის მასალები გამოაგზავნეთო, მაგრამ რაც არ გვაქვს რას გავაგზავნით, მხოლოდ ამპულის ნომერი გვაქვს“.

28 წლის მედდის დედა ამბობს, რომ მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციამდე ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდა. ირმა ბაქრაძე ამბობს, რომ მის შვილს თავის ტკივილები მხოლოდ მაშინ დაეწყო, როცა ვაქცინაციის წინა დღეს, კლინიკაში მიცემული ორი ტაბლეტი დალია. თუმცა რომელი მედიკამენტი მიიღო, გარდაცვლილის დედა სახელს ვერ იხსენებს.

წამლის დანიშვნას უარყოფენ კლინიკაში. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მედდას არც სისხლის ანალიზი გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკა "იმედში" მუშაობდა. მედდა სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


| Print |