სამართალი
ცენტრში არ ადასტურებენ, რომ ეს არის ნამდვილად მეგი ბაქრაძის სისხლი - ნინო ამაღლობელი
მეგი ბაქრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ადვოკატები საქმის ახალ დეტალებს ასაჯაროებენ. უფლებადამცველების თქმით, რამდენიმე საკითხთან მიმართებაში არის შეუსაბამობა. მათ შორის კითხვებს აჩენს ის დრო, რაც ვაქცინის შეფუთვის ამპულაზეა მითითებული. ვახო ბარამაშვილი ვაქცინაციის დროს გამოვლენილ უზუსტობებზე საუბრობს.

„ფლაკონის გახსნის მომენტი არის 11:40 წუთი, ხოლო მეგის ვაქცინაციის მომენტი - 12:15 წუთი. კლინიკა აცხადებს, რომ აიცრა ათი ადამიანი და მეგი იყო ბოლო, ფიზიკურად შეუძლებელია 35 წუთში ათი ადამიანის აცრა. განსაკუთებით თვალსაჩინო აცდენაა, თუ წავიკითხავთ ამ ათი ადამიანის ჩვენებას. ისინი აცხადებენ, რომ 10:00 საათიდან გადიოდნენ იმუნიზაციის პროცესს. ფლაკონზე მითითებული დრო 11:40 წუთი არასწორია. ეს კითხვის ნიშნებს აჩენს როგორც ფლაკონთან, ასევე პროტოკოლის შესაბამისად გამოყენებაში“ - განაცხადა გარდაცვლილი მედდის ადვოკატმა.

მეგი ბაქრაძის ადვოკატების თქმით, გამოიკვეთა მნიშვნელოვანი გარემოებები, რომელიც კითხვის ნიშნებს აჩენს.

„პაატა იმნაძეც არის გამოკითხული, ის ვერც უარყოფს და ვერც ადასტურებს, რომ მეგი ბაქრაძეს გადატანილი ჰქონდა კორონავირუსი. ალერგიისა და იმუნოლოგის ცენტრში გადაგზავნილია სისხლის შრატი. იმუნოლოგიის ცენტრის წარმომადგენელი არ ადასტურებს, რომ აღნიშნული სისხლი მეგი ბაქრაძეს ეკუთვნის" - აცხადებს ნინო ამაღლობელი.

რატომ არის უზუსტობები გამოკითხვის ოქმებში - ექიმებმა, რომლებმაც 18 მარტს გაიკეთეს ვაქცინა აცხდებენ, რომ კლინიკაში 10:00 საათზე მივიდნენ და იმუნიზაციის პროცესი მაშინვე დაიწყეს, მაგრამ ფლაკონის გახნის დრო 11:40 წუთი აწერია, მაშინ როდესაც მეგი ბაქრაძე 12:15 საათზე აიცრა.

რა გახდა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი და რამ გამოიწვია ანაფილაქსიური შოკი ამაზე პასუხი უნდა გასცეს სამხარაულის ეროვნულმა ექსპერტიზამ და ჯანდაცვის რეგულირების სამსახურმა. პასუხი ამ დრომდე უცნობია.


| Print |