სამართალი
„შეიძლება უთხრეს, ასეთი ჩვენება მიეციო“ - ბრალდებული ექთნის დედა
თეა გზირიშვილი, რომელმაც 18 მარტს მეგი ბაქრაძეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაუკეთა, გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემაშია ბრალდებული. მას და ორ კოლეგას მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ექთნის დედა ამბობს, რომ მისმა შვილმა, 18 მარტს მეგი ბაქრაძეს ნემსი ყველა წესის დაცვით გაუკეთა. რაც შეეხება ცრუ ჩვენებას - მაყვალა გზირიშვილი არ გამორიცხავს, რომ ტყუილის თქმა აიძულეს.


7 აპრილს, საქართველოს პროკურატურამ, ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდგ გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ორ ექიმს და ერთ ექთანს, სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალი წაუყენა, რაც 2-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალციხელი მედდა მეგი ბაქრაძე 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ჯერ არ დასრულებულა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მედდის გარდაცვალების საქმეზე არ გამოქვეყნებულა არც სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმის ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, გრძელდება მედპერსონალის გამოკითხვა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა.
| Print |