სამართალი
მოხეს საქმეზე ბრალდებული დაზარალებულად, პოლიციელები კი ბრალდებულებად ცნეს
ბრალდებულიდან დაზარალებულის სტატუსამდე - შვიდი წლის წინ, ადიგენის სოფელ მოხეში, სადავო შენობის გარშემო განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული თემურ მიქელაძე, პროკურატურამ შვიდი წლის შემდეგ დაზარალებულად ცნო. ორ სამართალდამცველს კი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

ბესიკ აფრიამაშვილი და გიორგი პეტაშვილი, რომლებიც მოხეში მომხდარ ინციდენტს იძიებდნენ, რამდენიმე წელია შსს-ში აღარ მუშაობენ. სასამართლომ თითოეულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 4 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

გიორგი პეტაშვილის ინტერესებს ნოდარ აკოფაშვილი იცავს, რომელმაც გვითხრა რომ ბრალის წარდგენამდე ორივე პირი გამოიკითხა. ადვოკატის თქმით, შვიდი წლის შემდეგ ბრალის წარდგენა, გამოძიების ეფექტურობაზე არ მიუთითებს, რადგან სისხლის სამართლის დანაშაული დაჩქარებულ ვადებში უნდა გამოიძიონ.

დაზარალებულის სტატუსი მოულოდნელი აღმოჩნდა თემურ მიქელაძისთვისაც. მისი თქმით, 2014 წელს, დაკავებისას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი კვალი აშკარა იყო. ამიტომ უკვირს, რომ სისხლის სამართლის საქმე თაროდან მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ ჩამოიღეს.

„შვიდი წლის წინ, როცა ადიგენის პოლიციიდან ბორჯომის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადამიყვანეს, ისეთი დაზიანებები მქონდა, ექიმის გარეშე ვერ მიმიღეს. სისხლჩაქცევები, ყველაფერი მემჩნეოდა. ფიზიკური შეურაცხყოფა ადიგენში მომაყენეს. ჩემი ვარაუდია, რომ რადგან მოხეს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი ვიყავი, არ უნდა ვყოფილიყავი სიმართლის მხარეს, ალბათ ეს ინტერესი ჰქონდათ“, - ამბობს თემურ მიქელაძე.

ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება 2014 წელს მოხდა, როცა ადიგენის მერიამ სადავო შენობის რეაბილიტაცია, ბიბლიოთეკის მოსაწყობად დაიწყო. მუსლიმი მესები ამბობდნენ, რომ წლების წინ შენობა მეჩეთი იყო, მართლმადიდებლები კი ამტკიცებდნენ, რომ ის ეკლესიაა და აქ მათი წინაპრები ლოცულობდნენ.

დაპირისპირების დროს ინციდენტში მონაწილე პირები დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. მათ შორის იყო თემურ მიქელაძეც, რომელიც ამტკიცებდა, რომ სამართალდამცველებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ორმა კი ის სცემა.

„ორჯერ პროკურატურაში ვიყავი დაკითხვაზე, ორჯერ ადიგენის პოლიციაში. ვიკითხებოდი როგორც ბრალდებული. ორივეჯერ სახაზინო ადვოკატი მყავდა. ეს იყო 2014 წელს“, - ამბობს თემურ მიქელაძე.

პროკურატურას ვკითხეთ, რატომ მიუბრუნდნენ შვიდი წლის წინანდელ საქმეს. უწყების პრესსამსახურში საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ, მას შემდეგ პასუხს უშედეგოდ ველით.

წინასასამართლო სხდომა 15 ივნისს ჩაინიშნა. ადვოკატებს ორი თვე აქვთ, რომ საქმის მასალებს გაეცნონ და მტკიცებულებები მოიპოვონ.


| Print |