სამართალი
მკვლელობები სამცხე-ჯავახეთში, სადაც დამნაშავეებს ვერ მიაგნეს
მსხვერპლი, გაუხსნელი საქმეები და დამნაშავის დადგენაში დაკარგული თვეები - ასეთია 2021 წელს, სამცხე-ჯავახეთში მომხდარი ორი მკვლელობის შედეგი.

მერვე დღეა სამართალდამცველები ეძებენ აბასთუმანში, კურცხანას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს და მასთან ერთად მიმალვაში მყოფ პირებს. საპოლიციო კონტროლის გამკაცრების მიუხედავად, 23 აპრილს მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირებს ვერ მიაგნეს. შსს-ში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. რატომ ვერ მიაგნეს სამართალდამცველებმა სავარაუდო ბრალდებულებს - ამაზე უწყებაში არ საუბრობენ.

ორი თვეა ამავე მუხლით გრძელდება გამოძიება ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე. 27 თებერვალს 70 წლამდე მარტოხელა ქალი საკუთარ სახლში მოკლული ნახეს. შემთხვევის დროს ადგილზე კინოლოგებიც მუშაობდნენ. ისინი ცდილობდნენ ძაღლი სავარაუდო დამნაშავის კვალზე გასულიყო თუმცა ამ დრომდე, გამოძიებამ დამნაშავე ვერ იპოვა.

დამნაშავის პოვნის გარეშე სრულდება ან ხანგრძლივად მიმდინარეობს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაწყებული თითქმის, ყველა გამოძიება.

| Print |