სამართალი
ძალადობაში ბრალდებულს სხეულზე 18 დაზიანება აქვს - ადვოკატი
შუა ხნის მამაკაცმა, რომელიც ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, დროებითი მოთავსების იზოლატორი გირაოს სანაცვლოდ დატოვა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიებად ბრალდებულს 4 000-ლარიანი გირაო განუსაზღვრა. ბრალდების მხარე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

დაკავებულის ინტერესებს ნოდარ აკოფაშვილი იცავს. ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა თანხა უკვე გადაიხადა და დედასთან ერთად, ნათესავის სახლში იმყოფება.

ნოდარ აკოფაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ თავს იცავდა, ამას გ.შ.-ს მდგომარეობაც ადასტურებს - მას სხეულზე18 სახის ზედაპირული დაზიანება აღენიშნება. ამიტომ ადვოკატი საქმის კვალიფიკაციის შეცვლას და რძლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

მედიასთან კომენტარს არ აკეთებს დაშავებულის რძალი, რომელიც დაზარალებულად არის ცნობილი და მისი შვილები. ოჯახში გვითხრეს, რომ საკითხზე საუბარი არც ერთს სურს.

ბრალდებულის დედა 89 წლის ქალია, რომელიც ინციდენტის დროს დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ქალი ამბობს, რომ მასზე რძალმა და შვილიშვილებმა იძალადეს.

„ჩემი შვილი (ბრალდებული, რედ.) კარებს იჭერდა, რომ რძალი და იმისი გოგოები არ შემოსულიყვნენ. მაგრამ მაინც აღებდნენ და მოდიოდნენ. ჩემი შვილი ეუბნეოდა, შენ ქალი ხარ და ხომ არ გცემ, გადი აქედანო“, - უყვება tv9news.ge-ს 89 წლის ქალი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126 მუხლის I პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ ძალადობას გულისხმობს.


| Print |