სამართალი
იმედია დადგინდება, რომ მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში იყო ჩადენილი - ადვოკატი
მწყემსის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა. 60 წლის მამაკაცის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი ტარიელ ბალაბანიშვილი იცავს. მისი თქმით, დაკავებული ბრალს აღიარებს.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ უკვე იმსჯელა აღკვეთის ღონისძიებაზე. პროკურატურა პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.

ტარიელ ბალაბანიშვილი ამბობს, რომ დაკავებულსა და გარდაცვლილს შორის ურთიერთშელაპარაკება რამდენჯერმე მოხდა, ბოლო შემთხვევის დროს კი ბრალდებულმა ვ.კ.-მ თავი ვერ შეიკავა და 38 წლის მწყემსს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

დაკავებული ბორჯომის სოფელ დვირიდან იყო. ნათესავები ამბობენ, რომ მასთან კონტაქტი არ ჰქონდათ და აქამდე იცოდნენ, რომ თურქეთში სამუშაოდ იყო წასული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ვ.კ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ასპინძის სოფელ ბუზმარეთის მიმდებარედ, ფერმაში მწყემსად მუშაობდა, მწყემსს გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა, რის გამოც მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
| Print |