სამართალი
დაკარგული ახალგაზრდების მშობლები სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვას ითხოვენ
აბასთუმანში, ზეკარის უღელტეხილის ტერიტორიაზე მაშველები და რეინჯერები შვიდ ახალგაზრდას ეძებენ. დაკარგული პირების მშობლები ამბობენ, რომ ორდღიანი ძებნის შემდეგ კოცონის კვალს მიაგნეს, რომელიც სავარაუდოდ, წუხელ ახალგაზრდებმა აანთეს.

მშობლები ვარაუდობენ, რომ ღამით კოცონთან თბებიან, დღისით კი გზის პოვნას ცდილობენ. მშობლები შიშობენ, რომ ახალგაზრდებს საკვების მარაგი ამოეწურებოდათ, ამიტომ სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი უნდა ჩაერთოს. 

ერთ-ერთი დაკარგული ახალგაზრდის მშობლები ამბობენ, რომ სტუდენტები ლაშქრობაში ორ ივნისს წავიდნენ, სახლში კი ოთხში უნდა დაბრუნებულიყვნენ. დედ-მამის თქმით, ბოლოს კონტაქტი სამ ივნისს, საღამოს ჰქონდათ, მაშ შემდეგ კი ოჯახს არც ერთი ახალგაზრდა დაკავშირებია. მშობლების თქმით, ბიჭები ლაშქრობაში გამოცდილები არიან, რადგან მაღალმთიან ადგილებში ხშირად მოგზაურობდნენ.

ხუთ ივნისს სამძებრო სამუშაოები მაშველებმა და რეინჯერებმა დაიწყეს. ისინი სამ ბიჭსა და ოთხ გოგოს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძებნაში 40 მაშველის გარდა, დრონია ჩართული.

| Print |