სამართალი
ნინოწმინდაში ქრთამის აღების გამო, სამი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
ნინოწმინდის ყოფილმა გამგებელმა, პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, ორ შემთხვევაში გასცა ყალბი ცნობა მოქალაქეებზე, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელებმა მოტყუებით დაირეგისტრირეს ქალაქ ნინოწმინდაში ცენტრალური პარკისა და ყოფილი მანქანათ-მშენებლობის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთები, საერთო ფართობით 712 კვადრატული მეტრი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 39 000 ლარს, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო.

მოტყუებით დაუფლებული ერთი მიწის ნაკვეთი დაბრუნდა სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო მეორე მიწის ნაკვეთი ამ ეტაპზე დაყადაღებულია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, 341-ე მუხლით, 180-ე და 362-ე მუხლების მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

| Print |