სამართალი
ახალციხეში არჩევნები ჩემმა შვილმა მოიგო, გამოგვიყენეს და ახლა დევნა დაგვიწყეს - დაკავებულის დედა
ეკა აზირაშვილი, რომლის შვილიც სამართალდამცველებმა ადიგენის სოფელ უდეში დააკავეს, ამბობს, რომ პოლიციელებმა მათი ოჯახის თვალთვალი 24 მაისიდან დაიწყეს. ისინი არაერთხელ შეამჩნია სოფელში და საცხოვრებელ სახლთანაც.

„24 მაისი იყო, ღამე მოვიდა პოლიცია ჩემ სახლთან. ელოდებოდნენ, რომ ჩემი შვილისთვის ჩაედოთ წამალი ან ავტომატი. ჩემი შვილი ძალიან ჭკვიანია და ხალხს უყვარს. პოლიცია ეუბნება, ხალხი შენ უფრო გიჯერებს, ვიდრე ჩვენო“.

ეკა აზირაშვილის თქმით, მისი შვილი მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირია. ის არჩევნებზე ხმების მოპოვებაში ეხმარებოდა.

„საპარლამენტო არჩევნები ჩემ შვილმა მოიგო ახალციხეში, ამას ყველა იტყვის. ცხრა აპრილს, უცნობის მიტინგზე ჩემმა შვილმა შეკრიბა ხალხი. მე და ჩემი მეუღლეც კი ვიყავით ჩემი შვილის ხათრით. გამოგვიყენეს და ახლა ისევ დევნა დაგვიწყეს“.

28 წლის გოჩა აზირაშვილი რვა ივნისს დააკავეს. თავდაპირველად ოჯახმა არ იცოდა, სად წაიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი. დედის თქმით, მისი ვაჟი მოგვიანებით დაუკავშირდა და უთხრა, რომ ყველა სამართალდამცველმა სათითაოდ დაარტყა. ოჯახი მუქარასა და ძალადობაში ადიგენის პოლიციის უფროსს თამაზ ფაილოძეს ადანაშაულებს. 

„ადიგენის პოლიციაში მივედი, ვეუბნებოდი მითხარით რა გინდათ-მეთქი, დაიმალა ყველა და არავინ დამელაპარაკა. ამიტომ ხუთი დღის წინ წავედი თბილისში, პარლამენტში და პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადება დავწერე“.

სამართალდამცველების მხრიდან სისტემატური ძალადობის გამო, ეკა აზირაშვილი აპირებს, რომ ხვალ, 9 ივნისს, პროკურატურას მიმართოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით არის დაკავებული, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
| Print |
თეგები: დაკავება /