სამართალი
პროცესი 15 ივნისამდე გადაიდო - დაკავებულის ადვოკატი
8 ივნისს დაკავებული გოჩა აზირაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა 28 წლის მამაკაცი პატიმრობიდან გაათავისუფლა, ხოლო აღმკვეთზე მსჯელობა 15 ივნისს განახლდება. პროცესის გადადება დაცვის მხარემ მოითხოვა და მიზეზად საჭირო მტკიცებულებების წარსადგენად მცირე დრო დაასახელა.

,,პროცესი 15 ივნისამდე გადაიდო, დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ დაცვის მხარეს წარმოსადგენი აქვს მტკიცებულებები, რომლის მოსაპოვებლად დრო არის საჭირო, ამიტომ, დაკავებული გათავისუფლდა და მომდევნო პროცესზე ვიმსჯელებთ" - აღნიშნა გოზა აზირაშვილის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ.

დღესვე, გოჩა აზირაშვილის მშობლებმა, ადიგენის პოლიციის უფროსისა და თანამშრომლების მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, საოლქო პროკურატურას მიმართეს.

გოჩა აზირაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით პოლიციამ 8 ივნისს დააკავა, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

აზირაშვილების მტკიცებით, ადიგენის პოლიციის უფროსი თამაზ ფაილოძე ახალგაზრდა მამაკაცს რეგიონის დატოვებას აიძულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იარაღისა და ნარკოტიკების ჩადებით ემუქრება. ოჯახი იმასაც ირწმუნება, რომ მათი შვილი მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირია. ის ,,ქართულ ოცნებას" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების მოპოვებაში ეხმარებოდა. მოგვიანებით კი ხელისუფლებამ მისი დევნა დაიწყო.


| Print |