სამართალი
სამცხე-ჯავახეთში „კომენდანტის საათი“ 594-მა პირმა დაარღვია
კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული, ღამით გადაადგილების შეზღუდვა, სამცხე-ჯავახეთში 594-მა პირმა დაარღვია. მათი უმეტესობა მიმდინარე წლის ოთხ თვეშია გამოწერილი. (2020 წელი - 169 ჯარიმა, 2021 წლის იანვარ-აპრილი - 425).

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან მიღებულ წერილში ვკითხულობთ, რომ ამავე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით „კომენდანტის საათის“ დამრღვევი 16 864 ფიზიკური და 48 იურიდიული პირი გამოვლინდა. ჯარიმის ოდენობამ, 34 208 000 ლარი შეადგინა.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, კომენდანტის საათის დარღვევა ითვალისწინებს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ფიზიკური პირისას კი 10 000 ლარით.

პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი 103 ჯარიმა სამცხე-ჯავახეთის სასამართლოებში გაასაჩივრეს. 45-მა მოქალაქემ ნინოწმინდასა და ახალქალაქში იჩივლა, 56-მა ფიზიკურმა და ორმა იურიდიულმა პირმა კი ახალციხის, ასპინძის, ადიგენის და ბორჯომის სასამართლოებს მიმართა. საჩივრები ეხება „კომენდანტის საათის“, 10 კაცზე მეტის შეკრების, ან მძღოლის გვერდით ჯდომის წესების დარღვევას.

უწყებიდან მიღებული წერილის მიხედვით, ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის სასამართლოებში მოსამართლემ 37 საჩივარზე უკვე იმსჯელა, დოკუმენტებში ხარვეზის გამო სამ მოქალაქეს განხილვაზე უარი უთხრა, 18 საჩივარი კი განსახილველია.

ღამით გადაადგილების შეზღუდვა საქართველოში 2020 წლის 31 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე ამოქმედდა და 23 მაისს გაუქმდა. მოქალაქეებს ამ პირობებში 53 დღის გატარება მოუხდათ. მეორედ „კომენდანტის საათი“, რთული ეპიდსიტუაციის გამო, იმავე წლის 28 ნოემბერს დააწესეს და ექვს თვეზე მეტია მოქმედებს. (დღეს, 14 ივნისს, ღამის საათებში მოძრაობის აკრძალვის 199-ე დღეა).

პანდემიის პერიოდში, ყველაზე მეტი ჯარიმა ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის გამოიწერა. რეგულაციის შემოღებიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით, საქართველოში 80 329 ფიზიკური და 9 იურიდიული პირი დაჯარიმდა.~

უფრო დეტალურად წაიკითხეთ მასალაში: 
| Print |