სამართალი
ექვს თვეში, სამცხე-ჯავახეთში 313 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ, ექვსი თვის მონაცემები გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით 4 175 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა, აქედან 223 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა.

313 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლენილია სამცხე-ჯავახეთში.

ქვეყანაში ყველაზე მეტი, 1 824 ფაქტი, უკანონო ტყითსარგებლობას ეხება. მათგან 816 ტყის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტია, 671 - ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება, 337 - სახერხი საამქროს მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, გამოვლენილია 60 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამავე პერიოდში გამოავლინეს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 751, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის - 559, ნებართვის პირობების დარღვევის/უნებართვო საქმიანობის - 301, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის - 275, წიაღის კანონმდებლობის დარღვევის - 201, წყლის კანონმდებლობის დარღვევის - 106, მიწის კანონმდებლობის დარღვევის - 58 ფაქტი. ამის გარდაა, 6 თვეში სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 100 ფაქტია გამოვლენილი.

საანგარიშო პერიოდში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) სავარაუდო გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის შესახებ 1305 შეტყობინება დაფიქსირდა.
| Print |