სამართალი
მამა-შვილი აბსურდული ბრალდებით არის დაკავებული - ადვოკატი მერაბ ჩიქობავა
დღეს, 5 აგვისტოს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ნინოწმინდის სოფელ ეფრემოვკაში ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. დაკავებულთა ადვოკატი ირწმუნება, მამა-შვილი აბსურდული ბრალდებით არის დაკავებული. 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტი შსს-მ 13 მარტს გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები 2015-2016 წლებში სომხეთის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს კარგ სამუშაო პირობებს დაჰპირდნენ, დაეხმარნენ მათ საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებაში და საკუთარი ავტომობილით საქართველოში ჩამოიყვანეს.

„მიიყვანეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის ახლოს მდებარე საქონლის ფერმაში, სადაც მუქარითა და იძულებით უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას, ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ანაზღაურების გარეშე, მრავალი წლის განმავლობაში ამყოფებდნენ მონობის თანამედროვე პირობებში. გარდა ამისა, ბრალდებულები უკანონოდ დატყვევებულ ადამიანებს თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავდნენ და მუდმივად აკონტროლებდნენ, როგორც პირადად, ასევე, საცხოვრებელ სახლსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების საშუალებით“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განესაზღვრათ. მამა-შვილის დაკავება ბრალდებულთა თანასოფლელებმა და სოფელ დიდი არაქალის მაცხოვრებლებმა მერიასთან გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ირწმუნებოდნენ, რომ მამა-შვილი უდანაშაულოა და სამი პირი, რომელთა თქმითაც ფერმაში, მონობაში ამყოფებდნენ, იტყუება.




| Print |