სამართალი
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები 48,94%-ით გაიზარდა
საქართველოში სამოხელეო დანაშაული იზრდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის რვა თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამოხელეო დანაშაული 9,9%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში სამოხელეო დანაშაულის 422 ფაქტი დაფიქსირდა, 2020 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 384 იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48,94%-ით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წელს ამ დანაშაულის - 70, ხოლო 2020 წლის იანვარ-აგვისტოში 47 ფაქტი დაფიქსირდა.

აღსანიშნავია სამსახურებრივი სიყალბის შემთხვევათა ზრდაც. შს სამინისტროს ინფორმაციით, წლიურად ეს დანაშაული 142.86%-ით გაიზარდა. იანვარ-აგვისტოში უწყების მიერ სამსახურებრივი სიყალბის - 34, ხოლო 2020 წლის ანალოგურ პერიოდში 14 ფაქტი გამოვლინდა.

შს სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან ყველაზე მეტი - 219 შემთხვევა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება.

გარდა ამისა, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 23 - ქრთამის აღების; 70 - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების; 40 – სამსახურებრივი გულგრილობის; 34 - სამსახურებრივი სიყალბის და 6 - ქრთამის მიცემის შემთხვევა დაფიქსირდა.
| Print |