სამართალი
აქციაზე დაკავებული სტეფანე გიქოშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ახალციხელი სტეფანე გიქოშვილი რომელიც 29 ნოემბრის აქციაზე პოლიციელის წინააღმდეგობის გაწევის და ძალადობისთვის სახლში დააკავეს, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურორების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საქმის არსებითი განხილვა 29 იანვარს ჩაინიშნა. სტეფანე გიქოშვილს მანამდე იზოლატორში ყოფნა მოუწევს, პირველივე სხდომაზე ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს. ოჯახი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ახალციხელი მეწარმის განეიტრალება და დაშინება სურთ.

დროებითი მოთავსების იზოლატორი გუშინ დატოვეს სტეფანე გიქოშვილის შვილმა და მეგობარმა, რომლებმაც სტეფანე გიქოშვილის დაკავება გააპროტესტეს და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. მოსამართლემ ისინი სიტყვიერი შენიშვნით გაათავისუფლა.

გამომძიებლები მათთვის 10 და 15დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას და 3 000 ლარიან ჯარიმას ითხოვდნენ, სასამართლოს გადაწყვეტილებით კი დროებითი მოთავსების იზოლატორი ორივემ სასჯელის გარეშე დატოვა.


| Print |