სამართალი
თამარ აბულაძემ სასამართლო დავა მოიგო - რა დაევალა ახალციხის საკრებულოს?
ახალციხის საკრებულოდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სამართლებრივი დავა მოიგო. სასამართლომ აპარატის ყოფილი უფროსის თამარ აბულაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლე გიორგი ლობჟანიძის გადაწყვეტილებით, გათავისუფლების ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი. ახალციხის საკრებულოს კი დაევალა, რომ თამარ აბულაძე სამსახურში აღადგინოს და განაცდური აუნაზღაუროს.

რაც შეეხება აბულაძის კიდევ ერთ მოთხოვნას - მის საქმეს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის სტატუსი მინიჭებოდა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ახალციხის საკრებულოში ამბობენ, რომ საკითხზე იმსჯელებენ და იმის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას, გაასაჩივრებენ თუ არა სააპელაციო სასამართლოში.

თამარ აბულაძე და მისი და მარინე აბულაძე სამსახურიდან 25 აგვისტოს გაათავისუფლეს. ორივე მათგანი ამბობს, რომ სამსახურიდან წასვლა მხარის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშილმა მოსთხოვა. ეს მათი ოჯახის წევრის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშიდება.

მარინე აბულაძე გათავისუფლების შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებში ჩაერთო და ახლა ახალციხის საკრებულოს წევრია პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“.
| Print |