სამართალი
ერთ თვეში, სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყით უკანონო სარგებლობის 33 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1-ელი თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 205 ფაქტი გამოავლინეს, აქედან სამცხე-ჯავახეთში - 33 ფაქტია გამოვლენილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მათ შორის 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 40 ფაქტი გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე; კახეთში დაფიქსირდა 37 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში - 33, იმერეთში - 29, ქვემო ქართლში - 24, შიდა ქართლში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 16, აჭარაში - 3, გურიაში კი, 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

რაც შეეხება დედაქალაქს, 2022 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, თბილისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 690 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 42 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“
,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |