სამართალი
მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული სასულიერო პირი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს
36 წლის ბორჯომელი ლევან ნამგლაძის მკვლელობაში ბრალდებული სასულიერო პირის ბედი ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვიტეს. შედეგად, გორის რაიონულმა სასამართლომ ბერი გაამართლა. ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტლება ხმათა უმრავლესობით მიიღეს.

"გამოიტანა გამამართლებელი ვერდიქტი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 10 ხმით ორის წინააღმდეგ. გამამართლებელი ვერდიქტის გამოტანის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმარი დარბაზიდან და გამოტანილი იქნას გამამართლებელი განაჩენი"
- განმარტავს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანის თანაშემწე რუსუდან იასამნიძე. 

36 წლის ლევან ნამგალაძის განზრახ მკვლელობისთვის მამა ანტონ მაისურაძე 2021 წლის 7 აგვისტოს დააკავეს. ისინი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ბრალდებულის ადვოკატის სოსო ხითარიშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა, რა დროსაც ლევან ნამგალაძე დაიჭრა. მამა ანტონმა მეგობარი საავადმყოფოში მიიყვანა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი სამართალდამცველებს ჩაბარდა.

შსს-ს ინფორმაციით, 2021 წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, მომხდარი კონფლიქტის დროს, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა ლევან ნამგალაძემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც "ჯეოჰოსპიტალში" განმარტეს, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები ჰქონდა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ბერი ანტონი (მაისურაძე) წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წლის წინ მონასტერი თვითნებურად დატოვა და სახლში დაბრუნდა.
| Print |