სამართალი
სამცხე-ჯავახეთში ნარჩენების მართვის კოდექსი 59 პირმა დაარღვია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 3 თვეში, ნარჩენების მართვის კოდექსის 601 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, 1-ლი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი - 218 ფაქტი აჭარაში დაფიქსირდა. მცხეთა-მთიანეთში გამოვლენილია 62 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში - 59, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 53, ქვემო ქართლში - 50, კახეთში - 44, იმერეთში - 34, გურიაში - 13, შიდა ქართლშიც - 13, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი - 2.

მათივე ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალ-მარტში, ნარჩენების მართვის კოდექსის 53 ფაქტია გამოვლენილი თბილისში.

„რაც შეეხება სამართალდარღვევების შინაარსს: ყველაზე მეტი - 346 ფაქტი, მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებაა; მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენის ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა - 97 ფაქტი; სამშენებლო ან/და სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურება - 45; კანალიზაციის ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება - 15; საბურავით გარემოს დანაგვიანება - 7; სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ, აგრეთვე, სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების არადანიშნულების კონტეინერში (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსება - 6; ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანება - 4; სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვა - 2; 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 1; სხვა სამართალდარღვევა - 78 ფაქტი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამისი, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინეს,“
- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |