სამართალი
მძღოლი, რომლის სატვირთოც გადაბრუნდა და დაღვრილი ბიტუმით გარემო დაბინძურდა, დაჯარიმდა
მძღოლი, რომლის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომობილი, ახალციხე-ასპინძის გზატკეცილზე გადაბრუნდა და ბიტუმი დაიღვარა, სამართალდამრღვევად ცნეს და 800 ლარით დაჯარიმდა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ძალაში დატოვა. 

„მძღოლის მიმართ გამოტანილი იქნა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება, რომლითაც მოქალაქე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 52-ე მუხლით და 58-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი 800 ლარის ოდენობით. ხოლო დაბინძურებული ტერიტორია დასუფთავდა“,ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომობილი, ახალციხე-ასპინძის გზაზე, 2022 წლის 18 თებერვალს გადაბრუნდა. შედეგად ტონობით ბიტუმი დაიღვარა, დაღვრილმა ბიტუმმა გარემოს ზიანი მიაყენა. დაბინძურების ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა გამოავლინეს.მათ შეადგინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, ასევე ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ადგილზე აიღეს მიწის და წყლის სინჯები. ამის გარდა, მძღოლი ასევე ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამო. 
| Print |