სამართალი
ახალქალაქში დაჭრილი მამაკაცი სიცოცხლისთვის იბრძვის

გასროლა ახალქალაქში - ქალაქის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მას ექვსი ჭრილობა აქვს მიყენებული, აქედან ოთხი ცეცხლსასროლი იარაღით, ორი კი დანით. 36 წლის კაცი რეფერალურ ჰოსპიტალში თვითმხილველებმა გადაიყვანეს, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ კი კატასტროფის ჯგუფმა პაციენტი თბილისში, კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანა.

როგორც კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა მენეჯერმა ზურაბ ჩხაიძემ "მეცხრე არხთან" განაცხადა, პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე და მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. კლინიკაში არ გამორიცხავენ, რომ პაციენტს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდეს.

დაჭრილის ახლობლები ამბობენ, რომ ის თანასოფლელმა და მოგვარემ, 60 წლამდე კაცმა დაჭრა. დაშავებულიც და ბრალდებულიც ახალქალაქის სოფელ ხულგუმოს მაცხოვრებლები არიან. თანასოფლელები ამბობენ, რომ დაჭრილი მამაკაცი რუსეთში ცხოვრობს და საქართველოში დაახლოებით, 1 კვირის წინ ჩამოვიდა. მათ შორის კონფლიქტი არასდროს ყოფილა.

შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, უწყების ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

| Print |