სამართალი
ახალქალაქში თანასოფლელის დაჭრაში ბრალდებულს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა
ახალქალაქში, თანასოფლელის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. რობერტ თოფალიანის საქმის გამოძიება 19-108-ე მუხლის გარდა, დამატებით 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გაგრძელდება, რაც იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ, 12 მაისს იმსჯელებს.

რა გახდა ხულგუმში მცხოვრები რობერტ და სოკრატ თოფალიანების დაპირისპირების მიზეზი, ამაზე სოფელში საუბარი უჭირთ. ადგილობრივები ამბობენ რომ მათ შორის კონფლიქტი არასდროს ყოფილა. თუმცა პირად საუბარში არ გამორიცხავენ, რომ დაპირისპირება ფულის გამო მომხდარიყო.

როგორც ირკვევა, ინცინდენტს წინ უძღოდა სატელეფონო საუბარი, სადაც შეხვედრის დეტალებზე უნდა შეთანხმებულიყვნენ. საქმის გარჩევის დროს, დაკავებულს ცეცხლსასროლი იარაღი, დანა და ხელკეტი ჰქონდა, სავარაუდოდ, მასვე მიაყენეს დაზიანებები ამ ხელკეტით.

მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის ადვოკატის თქმით, რობერტ თოფალიანი ნაცემია. მას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

რაც შეეხება დაჭრილს, იგი მკურნალობას თბილისის კლინიკა "ვივამედში" აგრძელებს. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში 60 წლამდე მამაკაცმა თანასოფლელი დაჭრა. მას ექვსი ჭრილობა აქვს მიყენებული, აქედან ოთხი ცეცხლსასროლი იარაღით, ორი კი დანით.
| Print |