სამართალი
ახალქალაქში თანასოფლელის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ახალქალაქის სასამართლომ თანასოფლელის დაჭრისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

ბრალდებულის ადვოკატი პაატა მანველიშვილი ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. უფლებადამცველი განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. 

"ბრალდებული ნაწილობრივ ეთანხმება ბრალდებას. კერძოდ იარაღების უკანონო ტარების ნაწილში დანაშაულს აღიარებს. რაც შეეხება მკვლელობის მცდელობას, ამ შემთხვევას არ აღიარებს. ამ კვალიფიკაციას არ ვეთანხმებით, თუმცაღა ვეთანხმებით, რომ გასროლა მოხდა თავად ბრალდებულის მიერ. ადგილი ჰქონდა ჯგუფურ თავდასხმას. რამდენიმე კაცმა მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანებები ბრალდებულს და თავდაცვის მიზნით, მოგერიების პირობებში მოხდა იარაღით გასროლა"
, - განმარტავს ადვოკატი.

პაატა მანველიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში 60 წლამდე მამაკაცმა 36 წლის თანასოფლელი დაჭრა. მას ექვსი ჭრილობა აქვს მიყენებული, აქედან ოთხი ცეცხლსასროლი იარაღით, ორი კი დანით.

ბრალდებულს პროკურატურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: 19-108-ე და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით ედავება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
| Print |