სამართალი
კლინიკა "იმედიდან" გათავისუფლებული ექიმის სასამართლო დავა დასრულდა
კლინიკა „იმედიდან“ გათავისუფლებული ექიმ-რეანიმატოლოგის გიორგი აფციაურის საქმეზე შრომითი სასამართლო დავა დასრულდა. მოსამართლე გადაწყვეტილებას 6 ივლისს გამოაცხადებს.

მოსარჩელე მხარის ადვოკატის თამარ ნადირაძის განმარტებით, მხარეებს შორის შეთანხმება არ მოხდა, მოპასუხე მხარედან ადგილი არ ჰქონია სათანადო შემოთავაზებას, რაც მისაღები იქნებოდა მოსარჩელე მხარისთვის. როგორც მათ სასამართლო სხდომაზე განმარტეს, კლინიკა „იმედში“ არ არის თავისუფალი პოზიცია, რომელზეც გიორგი აფციაურის აღდგენას შეძლებენ. გარდა ამისა, კლინიკა ექიმს დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში ედავება.

აფციაურის ადვოკატის თამარ ნადირაძის მტკიცებით, მისი მარწმუნებელი მოვალეობას სრული პასუხისმგებლობით ასრულებდა, რაზეც მეტყველებს მისი დამოკიდებულება პაციენტების მიმართ. გიორგი აფციაურის მიერ სხდომაზე მოყოლილი ერთ-ერთი ისტორიის მიხედვით, კოვიდპანდემიის პერიოდში, იმის გამო, რომ საქალაქთაშორისო რეისები არ სრულდებოდა, ექიმმა, 25 წლის პაციენტის დასახმარებლად, კონკრეტული წამალი საკუთარ დას ჩამოატანინა.

„გიორგი აფციაურისთვის ეს არ იყო უბრალოდ შრომითსამართლებრივი დავა. საქმე ეხებოდა მის ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას. ამდენი წლის მანძილზე ჩემი მარწმუნებელი თავდაუზოგადავდ შრომობდა პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად“, - აცხადებს თამარ ნადირაძე.

ადვოკატის თქმით, მის მარწმუნებელს სამსახურში ყოფნა 24 საათის განმავლობაში უწევდა. კლინიკის ადმინისტრაცია საქმის კურსში იყო, რომ გიორგი აფციაური ადგილზე უნდა ყოფილიყო მთელი ამ დროის მანძილზე და ამაში ისინი პრობლემას ვერ ხედავდნენ.

„გარდა იმისა რომ ეს შრომითი უფლებების სრული დარღვევაა, ადამიანური თვალსაზრისითაც შეუძლებელია. შესაბამისად, ადამიანს ასეთ პირობებში ედავებოდე 11 წუთით სამსახურის დატოვებას, მორალურ ჩარჩოებს ცდება“ - აღნიშნავს ადვოკატი.

მისივე თქმით, სამსახურიდან გათავისუფლება გიორგი აფციაურისთვის ემოციურად მძიმე გადასატანი იყო. თავდაპირველად, იგი მხოლოდ ბოდიშის სანაცვლოდ, მზად იყო, რომ სარჩელზე უარი ეთქვა.

შეგახსენებთ, რომ ექიმი რეანიმატოლოგი კლინიკა „იმედიდან“ 2021 წლის 1-ელ ივლისს შინაგანაწესის რამდენიმე პუნქტის დარღვევის მიზეზით გაათავისუფლეს. რის გამოც გიორგი აფციაურმა სასამართლო დავა წამოიწყო. ექიმი „იმედისგან“ სამსახურში აღდგენას, განაცდურის ანაზღაურებასა და მორალური ზიანისთვის კომპენსაციას მოითხოვს.
| Print |