სამართალი
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 153 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1 705 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, 1 369 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 336 კი, უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან, 135 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 417 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა. იმერეთში 237 სამართალდარღვევა დაფიქსირდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 206, სამცხე-ჯავახეთში - 153, ქვემო ქართლში - 130, აჭარაში - 70, შიდა ქართლში - 63, მცხეთა-მთიანეთში - 37, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 26, გურიაში კი 18 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3 934 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 287 ფაქტი დაფიქსირდა. ასევე, ამოღებულია 49 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“,
- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |