სამართალი
პოლიციასთან ინციდენტის გამო დაკავებული ყოფილი დეპუტატი თავისუფალია
პოლიციასთან ინციდენტის გამო, ახალქალაქში დაკავებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი თავისუფალია. "მე-9 არხის" ინფორმაციით, აშოტ საარიანმა პოლიციის განყოფილება გუშინ, გვიან ღამით დატოვა. რა ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწია დაკავებულს, უცნობია. ამ თემაზე არც შინაგან საქმეთა სამინისტროში და არც საარიანის ოჯახში საუბრობენ. კანონის თანახმად, სოფელ კუმურდოს ყოფილ დეპუტატს 2000 ან 3000 ლარიანი ჯარიმა უნდა გადაეხადა, ან 15 დღიანი პატიმრობის ვადა მოეხადა.

აშოტ საარიანი 10 აგვისტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ეჭვმიტანილების დასაკავებლად, ქალაქის ცენტრში ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ ჩარეულიყო პროცესში, აშოტ საარიანმა ყურადღება არ მიაქცია და პოლიციელებს საქმიანობაში ხელი შეუშალა. ინციდენტი საარიანის დაკავებით დასრულდა.
| Print |