სამართალი
"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მეუღლე, ახალქალაქის პოლიციის უფროსს პროკურატურაში უჩივის
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, არტურ მკოიანის მეუღლემ, მინა მკოიანმა ახალქალაქის რაიონული სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, შალვა ლომსაძის წინააღმდეგ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

როგორც მკოიანების ოჯახის წარმომადგენელმა სალომე რურუამ განაცხადა, მინა მკოიანი შალვა ლომსაძეს თვალთვალში, ადევნებაში, მუდმივ ზეწოლაში, გადაადგილების შეზღუდვაში, ფიზიკურ ძალადობასა და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს.

მინა მკოიანის თქმით, მათი ოჯახის მიმართ განხორციელებული ზეწოლა ასევე არის პოლიტიკური ნიშნით გამოწვეული.მკოიანის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ შალვა ლომსაძემ მინა მკოიანი გაიტაცა ავტომობილით, თეთრი „პიკაპით“, რის შემდეგაც ადგილი ჰქონდა „ფიზიკურად შეხებას, ცემას, გადაადგილების შეზღუდვას, სექსუალური კავშირის დამყარების მუქარას და გაუპატიურების მცდელობასაც“.

„ეს ფაქტი მოხდა 2021 წლის 24 დეკემბერს. გატაცების მომენტში ავტომობილში იმყოფებოდა პიროვნება სახელად გიორგი. მათ ქალის ვინაობა იკითხეს, ჩასვეს ავტომობილში, რომელშიც ახალქალაქის პოლიციის უფროსის, შალვა ლომსაძის გარდა კიდევ 2 პიროვნება იჯდა. ერთ-ერთი მათგანი იყო თეიმურაზ კალანდაძე, რომელიც ასევე არის პოლიციის თანამშრომელი. ქალბატონმა იკითხა, რა სურდათ მათ, რის შემდეგაც ლომსაძემ ვიღაცას დაურეკა და ითხოვა, რომ ქალაქში ყველა კამერა გამოერთოთ. მან ქალბატონს უთხრა ასეთი მუქარის შემცველი ტექსტი - „ხომ გითხარი, რომ დადგებოდა დღე, როდესაც ჩვენ ერთად ვიქნებოდით“ და უთხრა, რომ მასთან სურდა რაღაც სექსუალური ხასიათის კავშირის დამყარება. ლომსაძე მას ასევე ხელში სწვდა, ჩანთა წაართვა, ამოიღო ძვირფასეულობა, ბეჭედი და შემდეგ ავტომობილი დაიძრა ასპინძისკენ, სადაც შალვა ლომსაძე ავტომობილიდან გადმოვიდა და სხვა ავტომობილში გადავიდა.

როგორც მინა მკოიანი ჰყვება, მან წინააღმდეგობის გაწევა და ისეთ ადგილას გამოქცევა მოახერხა, სადაც ხალხი მოძრაობდა. ამ ადამიანის მხრიდან შემდეგ მუდმივად გრძელდებოდა ზეწოლა და ის ცდილობდა სხვადასხვა საშუალებით მასთან დაკავშირებას. ის მას სწერდა „ინსტაგრამის“ საშუალებით, ემუქრებოდა იმით, რომ მის ქმარს დაიჭერდა. ამ ყველაფრის მიმოწერა არსებობს და დღეს პროკურატურაში წარდგენილ განცხადებას თან ერთვის ეს მტკიცებულებები. ასევე განცხადების ფოტოებში ჩანს, როგორ დგას მანქანა მისი სამსახურის წინ და ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი. ამის შემდეგ გრძელდება პერმანენტული დევნა ამ ქალისა და მისი ოჯახის მიმართ. როგორც ქალი ამბობს, შალვა ლომსაძის მხრიდან სხვა ქალების მიმართაც არსებობს მსგავსი პრობლემა, მაგრამ მათ ეშინიათ და არ სურთ იმის მზაობა, რომ გააკეთონ ანალოგიური განცხადება პროკურატურაში“,
- განაცხადა მკოიანის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ არტურ მკოიანის სახლში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე დღის წინ ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც, 24 აგვისტოს ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ არტურ მკოიანი სამართალდამრღვევად ცნო და 11-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მკოიანის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს.

სამინისტროს ცნობით, გამოძიების დაწყების საფუძველი მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ახალქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლის მიერ გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან პირადი ავტომობილით მოძრავი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გასროლა გახდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული, მომხდარი ფაქტის შემდეგ მკოიანი ავტომობილიანად მიიმალა და გამოძიების ფარგლებში მოხდა მისი იდენტიფიცირება და დადგინდა, რომ „ოპელის“ მარკის ავტომობილს 1985 წელს დაბადებული არტურ მკოიანი მართავდა.

"ინტერპრესნიუსი"
| Print |