სამართალი
ვინ არის ბანკში შეჭრილი ნიღბიანი პირი და რა დეტალები იკვეთება გავრცელებული ვიდეომასალებიდან
ნიღბიანი პირის ჩაცმულობა, იარაღთან ურთიერთობა, აღჭურვილობა, რომელსაც ის ასაფეთქებელ მოწყობილობას უწოდებს და მძევლებთან ურთიერთობა - ყველა ეს დეტალი შესაძლოა გამოძიების პირველსავე საათებში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

რა ჩანს ვიდეომასალაში, რომელსაც მძევლად აყვანილი ადამიანები თავად თავდამსხმელის მითითებით აქვეყნებენ და რას გვეუბნება ეს ინფორმაცია თავად ნიღბიანზე - თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელს აცვია სამხედრო ფორმა, ხელში უჭირავს ხელყუმბარა და ტანზე აქვს ასაფეთქებელი მოწყობილობა. გარდა ამისა, შენობის შესასვლელში დამონტაჟებულია კიდევ ერთი ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც თავდამსხელის თქმით, სენსორით იმართება და შენობაში შეჭრის შემხვევაში თავად მოვა მოქმედებაში. 

"ეს არის მხოლოდ ვარაუდების თემა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ვინ არის ეს პიროვნება. გადაადგილება, ფორმის მორგება, მიხვრა-მოხვრა, ეს სუყველაფერი შეიძლება ითქვას, რომ მაძლევს საფუძველს იმისა, რომ ეს ადამიანი არ არის სამხედრო ან ეს ადამიანი დიდი ხანია ჩამოცილებულია უკვე ამ შესაბამის სტრუქტურებში ყოფნას... აქ უნდა იყოს ძალიან ქირურგიული მოქმედება ძალოვანი სტრუქტურებისა. მე ვიცი, რომ ძალოვან სტრუქტურებში არიან პროფესიონალები, ყოველ შემთხვევაში, იყვნენ პროფესიონალები და ის პროფესიონალები უფრო რთული ტიპის დავალებებს ასრულებდნენ მაღალ დონეზე," - ამბობს თადარიგის პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე.

გიგა კაპანაძე კი არ ფიქრობს, რომ ის ყოფილი სამხედროა.

"მანდ უფრო რთულადაა საქმე. ყოფილი სამხედრო ვნახეთ როგორ იქცევა და არაყოფილი სამხედრო სულ სხვანაირად მოქმედებს კიდევ რომელიც შეიძლება არაადეკვატური გახდეს ნებისმიერ წამში. ვნახეთ ესებუას კადრებიც, როგორ დადის და ეს ცოტა სხვანაირად იქცევა", - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებულ თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი. იგი 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვს.

"მთავარი არხი"
| Print |