სამართალი
"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დაკავებულია, ყველა მძევალი თავისუფალია
ქუთაისში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დაკავებულია, ხოლო მძევლები თავისუფლები არიან. ინფორმაცია მედიასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა დაადასტურა.

"ერთი პირი არის დაკავებული, ყველა მძევალი არის თავისუფალი. მთელი დღის განმავლობაში პოლიციელებმა იმუშავეს იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო", - განაცხადა კოვზიაშვილმა.

არიან თუ არა დაშავებულები და ნამდვილად მოხდა თუ არა შემთხვევის ადგილზე გასროლა - სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის თქმით, ამასთან დაკავშირებით მას ჯერ ინფორმაცია არ აქვს.

მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს.

ბანკის მიმდებარე ტერიტორია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა უკვე დატოვეს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ადგილიდან დაშავებულები გადაიყვანეს.

საპატრულო პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიის ნაწილის გახსნა უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებულ თავდამსხმელს მძევლები ჰყავდა აყვანილი. იგი 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვდა. მოგვიანებით, თავმდამსხმელმა მოთხოვნა დააკორექტირა და მოთხოვნილი თანხა მილიონნახევრამდე შეამცირა.
| Print |