დღის ფრაზა
ამბობენ, რომ ომი თებერვალში დაიწყო, მე ათვლას უფრო შორიდან, 2008-დან დავიწყებდი - ლინკევიჩუსი
"როდესაც ვიხსენებთ 2008 წელს და საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციას, ეს იყო ის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ყველა უნდა გამოფხიზლებულიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა", - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ტელეკომანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს ომი წესით საკმარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს საკმარისი არ იყო.

"ახლაც ბევრი ამბობს, რომ ომი თებერვალში დაიწყო, ბევრი ამას კიდევ რვა წელს უმატებს, რეალურად ომი ბევრად ადრე დაიწყო, კიდევ უფრო შორს წავიდოდი და ათვლას 2008 წლიდან დავიწყებდი.

რა მოხდა მაშინ? - სუვერენული სახელმწიფოს ოკუპაცია. როგორი იყო რეაქცია? - მძაფრი, მაგრამ არასაკმარისად. რამდენიმე თვეში ძველი ურთიერთობები აღდგა, მაგრამ ახლა მგონი, ყველამ გაიგო, რომ ეს არ იყო მართებული. ეს არ არის ის, რაც მარტო საქართველოს შეეხო მაშინ, ან უკრაინას დღეს. ეს არის შეტევა იმ მთავარ ღირებულებებზე, რაზეც დემოკრატიული სამყარო დგას. ახლა უკან დახევის ფუფუნება აღარ გვაქვს, ყველა აცნობიერებს, რომ სხვა გზა უბრალოდ აღარ რჩება. ერთადერთი გამოსავალია უკრაინის გამარჯვება და რუსეთის დამარცხება, სხვაგვარად მათ მოქმედებას ვერაფერი შეცვლის. მჯერა, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ჩვენი კონტინენტის დემოკრატიულო მომავლისთვის",
- განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა.
| Print |