სამართალი
"საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელიც საქართველოს ბანკის ქუთაისის ფილიალში 9 საათის განმავლობაში მძევლებთან ერთად დანაღმულ შენობაში იყო გამაგრებული, დაკავებულია. "მთავარი არხის" ინფორმაციით, იგი 37 წლის გრიგოლ ნარსიაა, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში ცხოვრობს.

შსს-ს ცნობით, 1985 წელს დაბადებული გ.ნ. ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

"ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა",
- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებულ თავდამსხმელს მძევლები ჰყავდა აყვანილი. იგი 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვდა. მოგვიანებით, თავმდამსხმელმა მოთხოვნა დააკორექტირა და მოთხოვნილი თანხა მილიონნახევრამდე შეამცირა. სამართალდამცველებმა დღის ბოლოს თავმდამსხმელი დააკავეს.
| Print |