სამართალი
ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
ახალქალაქი–ნინოწმინდის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ხოსპიოსთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ. თვითმხილველთა თქმით, ერთმანეთს LADA 09 და ოპელის მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა (წინასწარი მონაცემებით, სოფელ მამწვარას მცხოვრები, 1960 წელს დაბადებული მ.მ.).
შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს 62 წლის კაცი გარდაცვლილი დახვდა. ავარიისას კიდევ ორი პირი დაშავდა, თუმცა მათ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები აგრძელებენ მუშაობას.

მომხდარზე გამოძიება სსკ–ს 276 მე–6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
| Print |