სამართალი
ჯარიმები იზრდება - პარლამენტმა შსს-ს კანონპროექტს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შემუშავებული კანონპროექტები შს მინისტრის მოადგილემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია.

მან ასევე ისაუბრა სტატისტიკურ მონაცემებზე და აღნიშნა, რომ საქართველო დღემდე რჩება გზებზე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნად ევროპაში, რაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიან ღონისძიებებს საჭიროებს. გზებზე სიკვდილიანობის ძირითად მიზეზად კი სიჩქარის გადაჭარბება და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა დაასახელა.

ცვლილებების თანახმად:

• დასჯადი ხდება ე.წ. დრიფტი, რაც გულისხმობს ავტომობილის განზრახ მოცურებას/მოსრიალებას ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელებას. სანქციად წესდება ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 30 ქულით შემცირება. დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, თუ ე.წ. დრიფტს მოჰყვება ზიანი. აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 35 ქულით შემცირებას.

• დასჯადი ხდება ჩამოწერის შედეგად აღრიცხვიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალების მართვა. აღნიშნულისთვის წესდება ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის 30 ქულით შემცირდება.

• შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების და/ან კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ავტომანქანით გაცილების გარეშე არაგაბარიტული სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობისთვის სანქცია, ნაცვლად 100 ლარისა, იქნება ჯარიმა 1 000 ლარი, ხოლო თუ აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვა ზიანი, 250 ლარის ნაცვლად, დაწესდება ჯარიმა 2 000 ლარი.

• სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

• კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინებით სატრანსპორტო საშუალების მართვა, 50 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

• დასჯადი ხდება ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს. სანქციის სახედ წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირება. პირველ ეტაპზე მოწესრიგდება საკანონმდებლო ჩარჩო, ხოლო შემდგომ მოხდება ხმაურის საზომი აღჭურვილობის შეძენა.

ცვლილება ხორციელდება აგრეთვე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში. სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირება.
| Print |