სამართალი
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 9 პირია დაკავებული- როგორ ვითარდებოდა მოვლენები 18 ოქტომბერს
ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებისთვის დენის დარტყმის საქმეზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, 18 ოქტომბერს 9 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს დაკავებულთა ბრალეულობაზე. გამოძიების ინფორმაციით, მერიის მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებისას, ვაკის პარკში ადგილი ჰქონდა სამსახურებრივ გულგრილობას და დოკუმენტების გაყალბებას.

დაკავებულები არიან: თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, მერიის კონტრაქტორი კომპანია "გრინსერვის+-ის" დირექტორი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი. ასევე დააკავეს "გრინსერვის+-ის" კონტრაქტორი კომპანია შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი და კიდევ ერთი კონტრაქტორის, საექსპერტო კომპანია "მშენ-ექსპერტის" დირექტორი და თანამშრომელი. პოლიციამ დააკავა ორი შემდუღებელიც, რომლებიც ჩართული იყვნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში.

გუშინ საღამოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს „გრინსერვის +"-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე, ასევე, თანამშრომლები - დევი კახოიძე და ბექა მირღვლიანი.

იზოლატორში გადაყვანამდე, მათ ადვოკატი მამუკა ბლიაძე შეხვდა. ის ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის.

"გრინსერვის +", სახელმწიფო უწყებების ერთ-ერთი მსხვილი კონტრაქტორი იყო. ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა, მისი შესრულებულია პარლამენტის წინ მოედნის განახლების სამუშაოები, მელიქიშვილის ქუჩის დემონტაჟი რეაბილიტაციამდე და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები.
| Print |