ახალდაბასთან კატასტროფის მანქანა პოლიციის მანქანას დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალდაბასთან, ბორჯომი-ხაშურის ცენტრალურ მაგისტრალზე.
ტელეკომპანია ,,ბორჯომის" ინფორმაციით, კატასტროფის ცენტრის მანქანა სავარაუდოდ, ჯერ პოლიციის ავტომობილს, შემდეგ კი ტრაილერს დაეჯახა. დაზიანებულია კატასტროფის ცენტრის მანქანა. პოლიციის ავტომობილს კი მინიმალური დაზიანება აქვს. რა მდგომარეობაშია ტრაილერი - უცნობია.
შსს-ს პირველადი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულები სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სსკ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.