სამართალი
ერთ-ერთი მოქალაქის მიერ თვალის სავარაუდო დაკარგვის ფაქტის დადგენაზე გამოძიება მუშაობს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ერთ-ერთი მოქალაქის მიერ თვალის სავარაუდო დაკარგვასთან დაკავშირებით ფაქტის დადგენაზე გამოძიება მუშაობს.

ამასთან, როგორც კუპატაძემ აღნიშნა, გამოძიებით დადგინდება სად დაკარგა ადამიანმა თვალი. თუმცა, ჟურნალისტის კითხვაზე ეს ნიშნავდა თუ არა იმას, რომ ადასტურებდა ფაქტს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა უპასუხა, რომ „არ ვიცი, ვერ გეტყვით, სად დაკარგა“.

„აღნიშნულ ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. შესაბამისად აღნიშნული ფაქტის დადგენისა და ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში მათ ექნებათ შესაბამისი რეაგირება. ზუსტად ვერ გეტყვით დაკარგა თუ არა, გამოძიებით დადგინდება ამ ადამიანმა სად დაკარგა თვალი. არ ვიცით, ვერ გეტყვით, სად დაკარგა“, - განაცხადა კუპატაძემ.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 თანამშრომელი გადის, ამ დრომდე, მკურნალობას.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიდან, როგორც მოგახსენეთ, 5 მათგანი გადის, ამ დრომდე, მკურნალობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში. მათ სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრებათ, მაგრამ აქვთ მძიმე დაზიანებები, დამწვრობები და სხვადასხვა საგნით მიყენებული ჭრილობები, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაღად გაჰყვებათ“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.
| Print |