სამართალი
განსაცდელში მიტოვებაზე ბრალი მხოლოდ ვიოლეტა ინასარიძეს წარუდგინეს, რაც უკანონოა - ადვოკატი მუხრან ღურწკაია
ახალციხელი მედდის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება. ამ დროისათვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კლინიკა ,,იმედის" ექიმს ვიოლეტა ინასარიძეს ბრალი მედდის განსაცდელში მიტოვებისთვის აქვს წარდგენილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში წინა სასამართლო სხდომა 5 აპრილს არის ჩანიშნული. ვიოლეტა ინასარიძის დამცველები მიიჩნევენ, რომ ბრალდება უკანონოა.

,,არ უნდა მიეტოვებინა განსაცდელშიო ამას ედავება გამოძიება, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ბრალდება უკანონოა თავიდან ბოლომდე, რადგან არის დაუსაბუთებული. ორი წლის თავზე მხოლოდ ეს დადო გამოძიებამ. ერთ ადამიანს შეაწმინდეს ხელი, თითქოს ეს იყო ყველაფერი იქ და სხვა არავინ"- ამბობს ადვოკარტი მუხრან ღურწკაია.

ადვოკატის თქმითვე, გარდაცვლილ მედდას, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ,,დადასტურებულია ეს გარკვეული მტკიცებულებებით, დეტალებზე ახლა ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ინასარიძე დამნაშავე რომ არ არის იმ ბრალში, რაც წაუყენეს, ეს სასამართლოს გამოძიების ეტაპზე აუცილებლად დადასტურდება".

ვიოლეტა ინასარიძის უფლებებს სასამართლოზე სამი ადვოკატი დაიცავს. ამ დროისათვის დაცვის მხარე საგამოძიებო მოქმედებებით არის დაკავებული. წინასასამართლო სხდომის შემდეგ მოწმეების დაკითხვა დაიწყება და ღურწკაიას იმედი აქვს, რომ ყველფერი მაშინ გაირკვევა.

,,მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლოს გამოძიების ეტაპზე დავადასტურებთ ინასარიძის უდანაშაულობას წარდგენილ ბრალდებაში. არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება ბრალდებას არ აქვს, უბრალოდ ამ ადამიანს წაუყენეს ბრალი იმიტომ, რომ დაზარალებული გააჩერონ, ამის ვარაუდის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ პასუხისმგებელი პირები, რეალურად მარტო ვიოლეტა ინასარიძე კი არ იყო, არამედ ბევრნი იყვნენ, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ეს ადამიანია ბრალდებული" - ამბობს ვიოლეტა ინასარიძის ადვოკატი მუხრან ღურწკაია.

ხალხის გამოკითხვის, დათვალიერებებითა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით, მუხრან ღურწკაია იმედოვნებს, რომ სიმართლე დადგინდება.

| Print |