სამართალი
ბადრი ესებუას პროცესზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი ავთანდილ გალდავა დაიკითხება
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. ამასთან, სასამართლო მოუსმენს ბრალდების მხარეს მოწმეებს. კერძოდ, ბადრი ესებუას საქმეზე დღეს დაიკითხება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი ავთანდილ გალდავა. სწორედ გალდავამ მიუტანა ნახევარი მილიონი დოლარი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის დროს დამნაშავეს, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ის სამ სხვა მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გაიყვანა და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ტყეში დატოვა.

ამ ეტაპზე ავთანდილ გალდავა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციას იკავებს.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
| Print |
თეგები: გალდავა / ესებუა /