სამართალი
ბორჯომი - თბილისის აალებულ მიკროავტობუსში 15 მგზავრი იმყოფებოდა
თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში სამარშრუტო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ტრანსპორტში 15 მგზავრი იმყოფებოდა.  აალებული ტრანსპორტიდან ყველა მათგანმა სწრაფად შეძლო გადმოსვლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მიკროავტობუსი ბორჯომიდან მოდიოდა და მგზავრების ინფორმაციით ტრანსპორტი ტექნიკურად გაუმართავი იყო, ცეცხლი კი კუსტარულად დამონტაჟებულ გაზის მოწყობილობა გაუჩნდა.

„ჩვეულებრივად მოვდიოდი, არაფერი პრობლემა არ ჰქონია. ერთ მომენტში ჩაქვრა. დავქოქე მანქანა და აფეთქდა“ - განაცხადა სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა.

„დაშავებულები საბედნიეროდ არ გვყავს. უბრალოდ, მთელი გზა რაღაც ხმას გამოსცემდა ტრანსპორტი, მაგრამ გვითხრა საშიში არ არისო. მერე საცობში მოყვა და დაგვიძახა, სასწრაფოდ მანქანიდან გადადითო. ისე უცებ ჩამოვედი, კიდევ კარგი წინ ვიჯექი და რაც მოვასწარი გადმოვიტანე, რაც არა და დაიწვა. გზაში მანქანას პრობლემა ჰქონდა“ - აღნიშნა ტელეკომპანია მთავართან ერთ-ერთმა მგზავრმა.

„როგორც კი შემოვედით, რაღაცის ხმა იყო და უცებ ცეცხლი წაეკიდა მანქანას. რაც მოასწრო მძღოლმა, სანამ თავის კარებს გააღებდა, ჯერ ჩვენ გაგვიღო კარი რომ ჩამოვსულიყავით, დაშავებული არავინ არ არის. ტრანსპორტი და ბარგი დაიწვა“ - მგზავრი.

შსს- მ გამოძიება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით დაიწყო.
| Print |