სამართალი
თორნიკე აკოფაშვილის სასამართლო პროცესი 15 მაისს გაიმართება
15 მაისს, "არა რუსულ კანონს" აქციაზე დაკავებული ყოფილი ჯარისკაცი თორნიკე აკოფაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. აკოფაშვილი სასამართლომ 3,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 10 მარტს გაათავისუფლა. მას პოლიციელზე თავდასხმას და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ედავებიან. თორნიკე პატიმრობაში ორი დღის განმავლობაში იყო.

ადვოკატების ინფორმაციით, პროკურატურა 5,000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა დაცვის მხარის შუამდგომლობის შედეგად, მოსამართლემ თანხა 3,000 ლარამდე შეამცირა.

აკოფაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ ის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ძალადობრივი მეთოდებით დააკავეს.

"ხვალ 4 საათზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება და მოსამართლე დამენიშნა, როგორც ვიცი რომეო ტყეშელაშვილი, რომელიც ბევრმა კარგად იცის რომ ისიც კლანის წევრია. მნიშვნელოვანია ამ მოვლენებში ის რასაც აქამდე ვამბობდი, რომ სასამართლოს მხრიდან არანაირი იმედი არ მექნებოდა, ამ მოსამართლის დანიშვნით დადასტურდა.

გუშინ შეხვედრა იყო თავისუფლების ინსტიტუტის ინიციატივით, ნაფიც მსაჯულთა სისტემასთან დაკავშირებით, სადაც მეც მიმიწვია მისმა დირექტორმა, უკარგესმა ადამიანმა სალომე ხვადაგიანმა. მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური პარტიების ჩართულობა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა ჯგუფებისაც...

ასევე ბევრი სხვა ახალგაზრდული გაერთიანებებისგანაც მოდის მხარდაჭერა, ქართული ლეგიონის, სადაც ამდენი ხნის განმავლობაში ვიყავი და სხვა ბევრი ადამიანებისგანაც და მორალურად დიდ შემართებას მიძლიერებს ეს ფაქტი.

საქართველო აღარასდროს გახდება რუსეთის გუბერნია. საქართველო და ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ, სადაც არ უნდა ვიყოთ მისი მომავლისთვის"
- წერს თორნიკე აკოფაშვილი.

აკოფაშვილს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი.
| Print |