სამართალი
"ხელოსნები თვითნებურად ავიდნენ სახურავზე" - რას ჰყვებიან მუშის გარდაცვალებაზე

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში 37 წლის ლევან გაფრინდაშვილს გლოვობენ. ახალგაზრდა მამაკაცი ბორჯომში, მშენებლობიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. ის ძმასთან და თანასოფლელებთან ერთად, მრავალსართულიანი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუშაობდა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ საღამოს ყვირილი გაიგეს, გარეთ გასულებს კი მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “ბესთ ბილდ გრუპი“ ახორციელებს. მისი ხელმძღვანელი მომხდარზე პასუხისმგებლობას მუშებს აკისრებს და ამბობს, რომ ისინი ობიექტზე არასამუშაო დროს იმყოფებოდნენ. მისი თქმით, ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია და მუშებს საჭირო აღჭურვილობა აქვთ, თუმცა ჩვენი გადამღები ჯგუფის მისვლისას თანამშრომლები მაღალ სართულზე დამცავი ღვედების გარეშე მუშაობდნენ.

შემთხვევის ადგილზე დღეს შრომის ინსპექციის თანამშრომლები მუშაობდნენ. ინსპექტორებმა მთავარ კითხვას უნდა გასცენ პასუხი - ხომ არ იყო დარღვეული უსაფრთხოების ნორმები, რამაც მუშის სიკვდილი გამოიწვია. ბორჯომის მერიაში ამბობენ, რომ კომპანია, რომელმაც მათ ტენდერში გაიმარჯვა, გამოცდილია და ამ მიმართულებით წლებია მუშაობს. რა გახდა შემთხვევის მიზეზი - ბორჯომის მერი ამბობს, რომ თვითმმართველობის ზედამხედველობის სამსახური ადგილზე არ მისულა, ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა კი დაქირავებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველები საქმეს 240-ე, სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით იკვლევენ.
| Print |