სამართალი
2023 წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1105 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1105 ფაქტია გამოვლენილი.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯამურად, ჩამორთმეულია უკანონოდ მოპოვებული 1500 კუბურ მეტრამდე მერქნული რესურსი. კანონდარღვევებს შორისაა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროებიც. სამართალდარღვევები, რომლებიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, კახა კაკაბაძის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით სამინისტროსა და სამინისტროს შესაბამის უწყებებში მუშაობა აქტიურად გრძელდება.

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ასევე, უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული მიმართულებით სამინისტროსა და სამინისტროს შესაბამის უწყებებში მუშაობა აქტიურად გრძელდება“
, -აღნიშნა კახა კაკაბაძემ.

ქვეყნის მასშტაბით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია „საქმიან ეზოებში“, საიდანაც მათი რეალიზაცია ხდება.
| Print |