სამართალი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირია დაკავებული - შსს

საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთა შესახებ ბრიფინგი გამართა თეიმურაზ კუპატაძემ, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა. მისი თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან შსს-სა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირია დაკავებული, აქედან 27 ნარკორეალიზატორია.

კუპატაძემ ჩამოთვალა სხვადასხვა მეთოდი, რომლითაც ნარკორეალიზატორები მოქმედებენ: „დაკავებულ პირთა შორის არიან ნარკორეალიზატორები, რომლებიც ტრადიციული - ხელიდან ხელში გასაღების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. გარდა ამისა, დაკავებულები არიან ე.წ. დამდებები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციებზე დადების მეთოდით ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. დაკავებულებს შორის, ასევე, არიან ნარკოტიკების საზღვარზე უკანონოდ შემომტანი პირები, რომლებსაც ქვეყანაში სხეულით შემოჰქონდათ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები".

როგორც შსს აცხადებს, დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის სომხეთის, იორდანიის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ერაყისა და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეები. კუპატაძემ ჩამოთვალა ქვეყნის მასშტაბით ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებები.

„პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, მათი ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“ „ალფა პვპ“, „სუბოტექსი“ „სუბოქსინი“, „მეტადონი“, „მდმა“, „ლსდ“, „მეფედრონი“, „ამფეტამინი“, „ექსტაზი“, „ჰაშიში“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“.

ბრალდებულებისგან პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა", - განაცხადა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.

შსს-ს განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კუპატაძემ თქვა, რომ ეხმაურება ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარების შესახებ მედიასაშუალებებში გასულ სიუჟეტებს და „საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს". მისი თქმით, ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებები ძირითადად შემოდის სახმელეთო და საჰაერო გზებით, ასევე საფოსტო გზავნილების მეშვეობით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ კოლეგებთან. გარდა ამისა, კუპატაძე აცხადებს: „მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ ე.წ. დარქნეტში და სხვადასხვა „ტელეგრამ"-არხებზე არსებული ონლაინმაღაზიების იდენტიფიცირებას, მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, საკონტროლო შესყიდვების განხორციელებას და სხვადასხვა ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების გატარებას. ასევე ტექნოლოგიური შესაძლებლობების ფარგლებში ხდება ხსენებული „ტელეგრამ"-არხებისა და სხვა ონლაინმაღაზიების დაბლოკვა და მათი გაუქმება".
| Print |